ისტორია დაწერილია - ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსს მოუგეს

ისტორია დაწერილია - ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსს მოუგეს

access_time20-11-2022, 11:34

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდა და წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით, გამარჯვება იზეიმა.


"ბორჯღალოსნებმა" სტუმრად კარდიფში, Principality Stadium-ზე, მინიმალური სხვაობით მოიგეს და წელს უკვე მეორედ, ექვსი ერის წარმომადგენელ გუნდს აჯობეს.


ანგარიში საქართველოს ნაკრებმა პირველსავე წუთზე, თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. ამის შემდეგ მოედანზე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, მაგრამ საწყისი 15 წუთის გასვლის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რომლებმაც მე-19 წუთიდან ქულების მოპოვებაც დაიწყეს.


ოთხწუთიან მონაკვეთში ზედიზედ ორჯერ ლელოს დადება ჯეკ მორგანმა მოახერხა, რის პრისტლენდმა კი მხოლოდ ერთი გარდასახა - 12:3. "წითელი დრაკონების" სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, 51-ე წუთზე კი მსაჯმა უელსელებს მორაგბე გაუძევა - სანდრო თოდუასთან ორთაბრძოლისას წესები ალექს კატბერტმა დაარღვია.

თოდუამ შური მალევე იძია. 58-ე წუთზე, უელსელთა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დანიშნული შერკინების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" კომბინაცია სანდრომ ლელოთი დაასრულა. აბჟანადძემ გარდასახა და ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა - 12:10.

აქედან რამდენიმე წუთში საქართველოს ნაკრებს წინ გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ კი იყო უელსელთა გაუქმებული ლელო, რასაც ქართველი მორაგბეების შეტევა და კიდევ ერთი ჯარიმა მოყვა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. 

ლუკა მატკავამ დაახლოებით 45 მეტრიდან დაარტყა და გაიტანა, "ბორჯღალოსნები" კი თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ანგარიშში დაწინაურდნენ - 12:13.  

ლუკა მატკავამ ბორჯღალოსნების მაისურით მეორედ ითამაშა

Principality Stadium-ზე ბოლო წამები დრამატული გამოვიდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა გაუძლო და ისტორია დაწერა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის წელი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო თამაში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქვთ - 4 თებერვალს, შინ გერმანიასთან, უელსის წინააღმდეგ კი მორიგი, მეხუთე დაპირისპირება უკვე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოუწევთ, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში, საფრანგეთში გაიმართება.



მსგავსი სტატიები

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

access_time11-დეკ-2022

პორტუგალიის ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალურ ეტაპში, მაროკოსთან განცდილი მარცხის

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

access_time11-დეკ-2022

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4-ფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხით გამოეთიშა.